Added to cart There are not enough items in stock Added to favorites Already added to favorites
10.11.2024

მოგზაურობა რაჭის მთიანეთში: იქ, სადაც ბუნება და ტრადიცია ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს

მოგზაურობა რაჭის მთიანეთში: იქ, სადაც ბუნება და ტრადიცია ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს

ყოველთვის მესმოდა ისტორიები რაჭაზე - მის ხელუხლებელ სილამაზეზე, ცაში ატყორცნილ მთების და მთაში გაფანტული სოფლების ხიბლის შესახებ, მაგრამ ვერაფერი მაგრძნობინებდა იმას, რაც რეალურად განვიცადე, როცა ფეხი დავდგი ამ ულამაზეს მიწაზე. მთიანი რაჭა ეს უბრალოდ ადგილი არ არის; ეს არის განცდა, უწონობის შეგრძნება, რომელიც სიამოვნების მორევში მიგაქანებს.

ჩემი პირველი შთაბეჭდილება ამ საოცარ მხარეზე  დაიწყო, მაშინ როცა შქმერის მთა გადმოვიარე, თუმცა ამაზე მოგვიანებით აუცილებლად გიამბობთ. მანამდე კი პატარა სოფელ გლოლაში დავიდე ბინა, სადაც მდებარეობს ეკო სოფელი, რომელიც მაღალმთიანეთში მდგრადი ცხოვრების სიმბოლოდ არის ქცეული. ტყეებს შორის მოქცეული, ამაღლებული მწვერვალებით გარშემორტყმული სოფელი ისე გამოიყურება, თითქოს ლანდშაფტში არის მოხატული, როგორც თავად დედამიწის ნაწილი. კოტეჯები მარტივი, მაგრამ ელეგანტური, ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ თანამედროვე და ყოველთვის გარემოსთან ჰარმონიაში. როცა ჩანთას ვხსნიდი ერთ-ერთ მყუდრო ხის კოტეჯში, მივხვდი, რომ ეს ჩემი რაჭული თავგადასავლის შესანიშნავი დასაწყისი იყო .

 

პირველ დილას ადრე გამეღვიძა გარემოს დათვალიერების სურვილით. ეკო სოფელი აღმოჩნდა კარიბჭე მაღალმთიანეთში, რომელიც გთავაზობთ მარტივ წვდომას რაჭის ყველაზე კარგად დაცულ ადგილებამდეც კი. როცა გარეთ გამოვედი, ამომავალი მზე მწვერვალებს ოქროს ფერებში აფერადებდა, დილის ნისლი კი ქვემო ხეობებს ეკვროდა. ჰაერში სიწყნარე იყო, ფოთლების ნაზი შრიალი, მდინარე რიონის შორეული მოძახილი და მთის მკვეთრი ჰაერი - თითქოს თავად ბუნება მეპატიჟებოდა ამ კუთხის თითოეული საიდუმლოს შესასწავლად. აქ, ეკო სოფლის სახლში ეკოლოგიურად შეგნებული ცხოვრება არ არის მხოლოდ ფილოსოფია, არამედ ცხოვრების წესი. სოფელი მიჰყვება მკაცრ პოლიტიკას ნულოვანი ნარჩენების შესახებ და ყველაფერი, სამშენებლო მასალებიდან დაწყებული ყოველდღიური პრაქტიკით დამთავრებული, შექმნილია გარემოს დასაცავად.

გლოლადან არც ისე შორს მდებარეობს შოვი, კურორტი, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო მინერალური წყლებით და თვალწარმტაცი ბუნებრივი სილამაზით. შარშან კი ეს მშვიდობიანი სოფელი უდიდესი დრაგედიის მსხვერპლი გახდა. დამანგრეველმა მეწყერმა სერიოზული ზიანი მიაყენა შოვის ინფრასტრუქტურას და მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დანაკარგი მძიმე დარტყმა იყო არამარტო ადგილობრივი საზოგადოებისთვის არამედ სრულიად ქვეყნისთვის და მიუხედავად იმისა, რომ პეიზაჟი ისეთივე ლამაზია, როგორც ძველად , ტრაგედიის  მოგონებები ჰაერში მაინც  რჩება.

შოვზე სევდიანი ფიქრების შემდეგ გადავწყვიტე დაგეგმილ მარშრუტს გავყოლოდი.  სოფელ შქმერიდან დაწყებული ჭიორასა და მრავალძალამდე დამთავრებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები ამ კუთხეში მიმობნეულ ისტორიის საგანძურებს. უძველესი ეკლესიები, როგორიცაა წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი მრავალძალში, გონის მთავარანგელოზის ეკლესია, სხიერის მონასტერი  საუკუნეების რწმენისა და გამძლეობის მოწმეები არიან, ხოლო ციხე-სიმაგრეების ნანგრევები წარსულის ბრძოლებს ჩურჩულებენ. თუმცა რაჭას, მხოლოდ ისტორია ან თვალწარმტაცი ხედები არ აქცევს განსაკუთრებულად, ეს არის ჰარმონიული კავშირი ადამიანებსა და ბუნებას შორის , მიწის პატივისცემა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მათი ოჯახების მთავარი მაცოცხლებელი და მასაზრდოებელი იყო.

გლოლაში მდებარე ეკო სოფელი სწორედ ამ ეთოსის ანარეკლია, რომელიც გვთავაზობს სივრცეს, სადაც მნახველებს შეეძლებათ ჩაეფლონ რაჭის მშვენიერებაში და ამავდროულად, წვლილი შეიტანონ მისი ხელუხლებელი გარემოს შენარჩუნებაში.

გლოლადან არც ისე შორს ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს უწერა, ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო მინერალური წყლებით და მშვიდობიანი ატმოსფეროთი. უწერა პოპულარული ადგილია დასვენებისა და გამოჯანმრთელების მსურველთათვის, მთის ჰაერისა და სამკურნალო წყლების კომბინაციით. კურორტზე ასევე არის უძველესი ციხე-სიმაგრეებისა და ეკლესიების ნანგრევები, რაც რეგიონის მდიდარი ისტორიის დასტურია.

ბოლო მარშრუტი უძირო ტბაა, საიდანაც იშლება კავკასიონის მთიანეთის ხედები. ტბასთან მისასვლელი გზა 18 კმ სიგრძისაა, მარშრუტი წრიულია და იგი იწყება შოვამდე 1 კმ-ით ადრე. აღსანიშნავია, რომ მარშრუტი სრულადაა მონიშნული როგორც ტყიან, ისე ალპურ მონაკვეთებზე. გზის ბოლომდე გავლას ორი დღე სჭირდება. მთლიანი მარშრუტი საშუალო სირთულისაა, ამიტომ უმჯობესია საწყისი წერტილიდანვე მოიმარაგოთ წყალი და მოემზადოთ დამღლელი და ხანგრძლივი ლაშქრობისთვის. დაბანაკება შეგიძლიათ ტბასთან ახლოს. უძირო ტბიდან დაბრუნება შესაძლებელია მეორე გზით, რომელიც ბილიკით სოფელ გლოლაში ეშვება და მისი დაფარვა 3-4 საათში შეგიძლიათ.

ტბა 2800 მეტრის სიმაღლეზე სხვა სამყაროს ჰგავს. მისი უძრავი, მინის წყლები ასახავს კავკასიონის ძლევამოსილ მთებს, რომლებიც შორს ჩანს უსასრულო ცისა და ქვის სარკეების ილუზიას ქმნის.

როცა ტბასთან დავბანაკდი, მთიანეთის სიჩუმემ მოიცვა არემარე. ყველაფერი თითქოს მისტიკური იყო. იმ ღამეს, ათასი ვარსკვლავით მიმოფანტული ცის ქვეშ მეძინა ქარის სუსტ ხმაზე, რომელიც ალპურ ბალახში ჩურჩულებდა.

მეორე დილით, გამთენიისას გავიღვიძე. ტბა ადრეული მზის შუქზე ბრწყინავდა და საოცარი გრძნობებით მავსებდა, სადაც დაუსრულებლად შემეძ₾ო ვყოფილიყავი, მაგრამ დრო იყო უკან დავბრუნებულიყავი. ტბიდან სოფელ გლოლამდე დაღმართი,  წარმოუდგენელი სანახაობებით გვპიმასპინძლდებოდა.

რაჭა თავგადასავლების მოყვარულებს გაუთავებელ შესაძლებლობებს სთავაზობს.

როდესაც ჩემი მოგზაურობა რაჭის მაღალმთიანეთში დასრულდა, ბევრს ვფიქრობდი საკუთარ გამოცდილებაზე. ამ ადგილმა - ასე შორეულმა, ასე ხელშეუხებელმა - წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. პეიზაჟები, თავისი ამაღლებული მთებითა და ფარული ტბებით, არ ჰგავდა იმას, რაც კი ოდესმე მინახავს. მაგრამ უფრო მეტიც, ეს იყო მთიანეთის სული, რომელიც ჩემთან დარჩა: სიმშვიდის გრძნობა, ბუნებასთან კავშირი და სამყაროს მშვენიერება, რომელიც მოშორებულია ყოველდღიური ცხოვრების ხმაურსა და აურზაურს.

ზემო რაჭა ის ადგილი არ არის, რომელსაც უბრალოდ სტუმრობ. ეს არის ადგილი, რომელსაც განიცდი - მიწა, სადაც ბუნება ჯერ კიდევ ველური და თავისუფალია, სადაც თავგადასავალი გელოდება ყოველ ნაბიჯზე და სადაც სულიერად ისვენებ მთების სილამაზეში.

ავტორი: ხატია ლობჯანიძე