რაჭული მადლი - ეკატერინე ციხისელის ხელნაკეთი მურაბები და მათი წარმატება

რაჭული ბუნების სიმდიდრე და ტრადიციები ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხალხს უძველესი დროიდან შთააგონებდა, შეექმნათ უნიკალური და გამორჩეული პროდუქტები. „რაჭული მადლი“ სწორედ ამ ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული მცირე საწარმოა, რომლის წარმატება და დინამიკა გამორჩეული არომატებით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მურაბებით არის განპირობებული. ეკატერინე ციხისელის ისტორია, რომელიც მურაბების წარმოებასთან დაკავშირებული, სწორედ ამ ტრადიციებისა და ოჯახური სიყვარულისგანაა ნაქარგი.
როგორ და როდის დაიწყეთ მურაბების წარმოება, და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?
მოგახსენებთ, რომ ოჯახში მოხმარებისთვის მურაბებს უკვე 20 წელია ვამზადებ. 2012 წლიდან მეფუტკრეობას მივდევდი, ხოლო 2018 წლიდან დავიწყე გამოფენებში მონაწილეობა, როგორც მუნიციპალურ, ასევე რეგიონულ დონეზე. სამი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვხედავდი, მურაბები მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტი იყო. 2021 წელს, ოჯახში სტუმრად მყოფმა ტურისტებმა ჩემი თაფლი გასინჯეს და შეიძინეს, ჩემმა შვილმა მირჩია, გირჩის მურაბაც დაეგემოვნებინათ. საოცრად მოეწონათ, რის შემდეგაც სხვა მურაბებიც შევთავაზე. ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა, რომ მურაბების წარმოება ინტენსიურად გამეგრძელებინა და რეგულარულად მიმეღო მონაწილეობა გამოფენებში.
რას წარმოადგენს „რაჭული მადლი“ და რა განასხვავებს მას სხვა მსგავსი საწარმოებისგან?
„რაჭული მადლი“ წარმოადგენს რაჭაში მოპოვებულ ნედლეულზე დამზადებულ მურაბების პროდუქციას. ზუსტად ესაა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რაც მოსწონს მომხმარებელს. როგორც კი სახელს გაიგებენ, აღარც ფიქრდებიან და ყიდულობენ. ეს დამანახა ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში მონაწილეობამ. მათთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მურაბები მზადდება რაჭის ადგილობრივი ნედლეულით და კლასიკური მეთოდით.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი საწარმო ხელნაკეთი ეგზოტიკური და სამკურნალო მურაბების წარმოებაზე ყოფილიყო ორიენტირებული?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მეფუტკრეობას მივდევდი და თაფლს ვაწარმოებდი, თუმცა მასშტაბების გაზრდა ვერ შევძელი, რადგან ოჯახში ყველას ეშინოდა ფუტკრის, ხოლო ჩემთვის -ერთი ადამიანისთვის, ეს საქმიანობა ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა. აქტიურად ვმონაწილეობდი გამოფენებში და ყოველ ჯერზე ვხედავდი, რომ მოთხოვნა იზრდებოდა. ოჯახშიც ინტენსიურად ვიყენებდით სამკურნალო მურაბებს. ხშირად მიფიქრია, რომ ეგზოტიკური მურაბები საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის. მერჩივნა, ახლობელთან სტუმრობისას ჩემი ხელით მომზადებული მურაბა წამეღო, ვიდრე უბრალოდ ე.წ. „ბამბანერკა“. ამას დაემატა ტურისტებისგან მოსმენილი პოზიტიური შეფასებები, რაც ჩემს გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ამყარებდა. ასევე, გავხდი ონის კვების მრეწველობის კლასტერის წევრი, რაც დამატებით სტიმულსა და მოტივაციას მაძლევს.
რომელი ხილი და მცენარეები გამოიყენება თქვენს მურაბებში და როგორ ირჩევთ ინგრედიენტებს?
ამჟამად ვაწარმოებ კაკლის, გირჩის, ჟოლოს, ვარდისა და მოცვის მურაბებს. ინგრედიენტებს განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევ, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს როგორც უნიკალური გემო, ისე სამკურნალო თვისებები. ჩემი მიზანია, შევთავაზო მომხმარებლებს არა მხოლოდ ტკბილეული, არამედ სასარგებლო და გამორჩეული პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ სარგებლიანობასა და უჩვეულო არომატს.
გაქვთ თუ არა რაჭის რეგიონთან დაკავშირებული უნიკალური რეცეპტები, რომელთაც იყენებთ წარმოებაში?
რა თქმა უნდა! თავად რაჭველი ვარ და ჩემი ბებია, რომელიც ასევე რაჭაში იყო დაბადებული და გაზრდილი, განსაკუთრებული სიყვარულით ამზადებდა მურაბებს. სწორედ მისი ტრადიციული რეცეპტები გადმოვიბარე და დღესაც ამავე მეთოდით ვამზადებ, რაც ჩემს მურაბებს განსაკუთრებულ გემოსა და ავთენტურობას სძენს.
რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ ტრადიციებს თქვენი მურაბების წარმოებისთვის?
მგონია, რომ ადგილობრივ ტრადიციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის, როგორც რაჭველისთვის, ეს არა მხოლოდ მურაბის წარმოებაა, არამედ კავშირი ბავშვობასთან, ტრადიციებთან და იმ ბედნიერ მომენტებთან, რას მასთან გვაერთიანებს. ვფიქრობ, სხვა რაჭველებისთვისაც ეს მურაბები სწორედ იმ ძვირფას მოგონებებს აცოცხლებს, რაც ჩვენს რეგიონს ასე განსაკუთრებულს ხდის.
როგორია წარმოების პროცესი და რა განსაკუთრებული მეთოდები გაქვთ?
წარმოების პროცესი ნედლეულის შეგროვებით იწყება, რაც ჩემთვის ყველაზე ემოციური და შთაგონებით სავსე ეტაპია. ყოველ ჯერზე უფრო მეტად მიყვარდება რაჭა და ვგრძნობ, როგორ ვუახლოვდები მის უნიკალურ ბუნებას. ეს პროცესი მამოტივირებს, რომ ნედლეულს დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით მოვეპყრო. სწორედ ამიტომ, მურაბის დამზადებისას განსაკუთრებულად ვცდილობ, შევინარჩუნო თითოეული ინგრედიენტის სასარგებლო თვისებები და დავიცვა უმაღლესი სტანდარტები, რათა საბოლოო პროდუქტი იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ხარისხიანი და ბუნებრივად ჯანსაღი.
როგორ აისახება სეზონურობა თქვენი პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე?
სეზონურობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, როგორც წარმოებაზე, ისე რეალიზაციაზე. მურაბების დამზადება იწყება აპრილის შუა რიცხვებიდან და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე, როდესაც ნედლეული საუკეთესო ხარისხისაა. რეალიზაცია განსაკუთრებით იზრდება ზაფხულში, ტურისტების აქტიურობის პერიოდში, ხოლო ზამთარში – ე.წ. „ვირუსების“ სეზონზე, როცა სამკურნალო თვისებების მქონე მურაბებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იმატებს.
გაქვთ თუ არა ექსპორტზე გატანის ან საერთაშორისო ბაზარზე შესვლის გეგმები?
ექსპორტზე გატანა და საერთაშორისო ბაზარზე შესვლა ნამდვილად საინტერესო პერსპექტივაა, თუმცა ამ ეტაპზე, ჩემი მცირე წარმოებიდან გამომდინარე, ამის განხორციელება დამოუკიდებლად რთულია. თუ ხელშემწყობი საგრანტო პროგრამები ან მხარდაჭერის სხვა შესაძლებლობები გამოჩნდება, მზად ვარ ამ მიმართულებით მუშაობისთვის. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაა, რაც მომავალში შესაძლოა საერთაშორისო ბაზარზეც ვიხილოთ
რას ურჩევთ ახალბედა მეწარმეებს, რომლებიც აგრო-პროდუქციის წარმოების დაწყებას აპირებენ?
ახალბედა მეწარმეებს ვურჩევ, დაიწყონ მცირე მასშტაბით, ყურადღება გაამახვილონ რეგიონების უნიკალურ სამკურნალო მცენარეებზე და გამოიყენონ ეკოლოგიურად სუფთა გარემო. სწორედ ეს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ნედლეულს, შედეგად, ხარისხიან და გამორჩეულ პროდუქტს.
როგორია მომხმარებელთა რეაქცია და რომელი მურაბაა ყველაზე პოპულარული?
მომხმარებლები განსაკუთრებით კმაყოფილები არიან რაჭის ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული მურაბებით. ისინი განსაკუთრებულად აღნიშნავენ გემოვნურ თვისებებს და ხშირად გამოხატავენ აღფრთოვანებას. ყველაზე პოპულარული კი კაკლის მურაბაა.
რა როლს ასრულებს ონის კვების მრეწველობის კლასტერი თქვენი ბიზნესის განვითარებაში?
ონის კვების მრეწველობის კლასტერი ძალიან დამეხმარა მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში ბიზნესის მართვის საკითხებში. კლასტერის პროექტის – „კვების კლასტერისა და მეწარმეების მცირე ბრენდინგი“ს – ფარგლებში დამზადებული მარკეტინგული მასალები მეხმარება ჩემი პროდუქციის უკეთ პოზიციონირებისთვის ქართულ ბაზარზე.
როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება გაძლიერდეს რაჭის რეგიონის აგრო-პროდუქტების ცნობადობა და გაყიდვები?
მეტი პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ყველა სექტორის მხრიდან, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია დამწყები მეწარმეებისთვის, რათა მათ შეძლონ განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მიაღწიონ წარმატებას ბაზარზე. აუცილებელია, რომ მათ მიეცეთ ტექნიკური, ფინანსური და მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელიც დაეხმარება ბიზნესის გაძლიერებაში.
პოპულარიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსდეს ადგილობრივი ინიციატივები, დაიწეროს პროექტები, რომლებიც აგრო-პროდუქტების წარმოების პროცესს და გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს. ასევე, მნიშვნელოვანია მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რათა ეს პროდუქცია ცნობადი გახდეს უფრო ფართო აუდიტორიისთვის.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის სასწავლო პროგრამების ორგანიზება, სადაც ისინი მიიღებენ ცოდნას ბაზრის მოთხოვნებზე, პროდუქტის ბრენდინგსა და მარკეტინგულ სტრატეგიებზე. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს ბრენდების ცნობადობის გაზრდას და წარმოების გაფართოებას.
ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა ბიზნეს-ინკუბატორების, კლასტერებისა და პროფესიული ასოციაციების მხრიდან საწყის ეტაპზე იქნება მნიშნვნელოვანი დახმარება მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, როგორიცაა რაჭა, სადაც რეგიონის ბუნებრივი რესურსები და წარმოების უნიკალური მეთოდები შეიძლება იყოს უპირატესობა.
რა სამომავლო გეგმები გაქვთ „რაჭული მადლის“ განვითარებისთვის?
პირველ ეტაპზე მინდა მცირე საწარმო მოწყობა, რომელიც შესაბამისი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტების. უკვე გავგზავნე ბიზნეს განცხადება, რაც მომცემს საშუალებას, რომ ამ სტანდარტების დაცვით განვახორციელო წარმოება. მომავალში, როდესაც წარმოება გაფართოვდება, გეგმაში მაქვს უშაქრო მურაბების წარმოების დაწყება. ასევე, გავიარე სერთიფიცირებული კურსი მურაბების წარმოებაში, რითაც დამატებითი ცოდნა შევიძინე და პრაქტიკაში ჩემი გამოცდილების უკეთ განხორციელებას შევძლებ.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ბიზნესი 5 წლის შემდეგ?
5 წლის შემდეგ ჩემი მცირე წარმოება წარმატებულ და განვითარებულ ბიზნესად წარმომიდგენია, რომელიც უფრო დიდი მოცულობით აწარმოებს უშაქრო მურაბებს. დავიწყებ ჩემი პროდუქციის ექსპორტს მცირე რაოდენობით, თუმცა მუდმივად ვიმუშავებ მისი ცნობადობის გაზრდისთვის უცხოურ ბაზარზე. „რაჭული მადლი“ გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, როგორც ადგილობრივებში, ისე ჩვენი ემიგრანტების გულებში. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ვგეგმავ წარმოების მოცულობის გაზრდას, ხარისხის გაუმჯობესებას და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, რათა რაჭის რეგიონის უნიკალური და ბუნებრივი პროდუქტები ფართო ბაზარზე გავიტანო.
„რაჭული მადლი“ მხოლოდ მურაბების საწარმოს არ წარმოადგენს; ეს არის ისტორია რაჭის უძველესი ტრადიციებისა და ბუნებრივი რესურსების ახალი სიცოცხლის მინიჭების, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდება. ეკატერინე ციხისელის მიზანი არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა, არამედ რაჭის რეგიონის მნიშვნელობისა და პოპულარობის გაზრდა, რადგან, როგორც თავად ამბობს - „რაჭამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ბუნებრივი და ტრადიციული სილამაზე“.